დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„ჩვენ ვცდილობთ ქართველ ბავშვებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ქართული ენა, კულტურა და საქართველოს ისტორია არ დაავიწყდეთ. ამ მიზნით, შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელშიც ჩართული ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, - აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კახა ხანდოლიშვილმა.
მისივე განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სკოლებს და ასევე, საკვირაო სკოლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს.
დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის მენეჯერმა ანი კუდუხაშვილმა.
მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა ქართული დიასპორისთვის, რომელშიც ამ ეტაპზე, ჩართულია 76 ქვეყნიდან 2854 ბავშვი და 42 მასწავლებელი.
„ბავშვები დაყოფილი არიან ცოდნის დონისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 240 ჯგუფი და გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ ტარდება. საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან მასწავლებლები ჩართულნი არიან აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც TEAMS-ის პლატფორმის საშუალებით ტარდება“, - აღნიშნა ანი კუდუხაშვილმა.
მომხსენებლის თქმით, პროგრამის ფარგლებში, უკვე შეიქმნა პირველი სახელმძღვანელო „33 გასაღები“, ამ ეტაპზე დასრულებულია მეორე და მუშაობა იწყება მესამე წიგნზე. თითოეულ სახელმძღვანელოში ინტეგრირებულია ისტორია, კულტურა და გეოგრაფია.
სამინისტროს წარმომადგენელმა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ, არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ, პარლამენტი, მზად ვართ გვერდში დგომისთვის, რათა ჩვენს დიასპორას განათლების სისტემის მიმართულებით ღირსეული სერვისი მივაწოდოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც კომიტეტის სახელის შეცვლას ითვალისწინებს.
„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, იცვლება კომიტეტის დასახელება და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ნაცვლად იქნება დიასპორის კომიტეტი. შესაბამისად, ეს ცვლილება უნდა აისახოს კომიტეტის დებულებაში“, - განმარტა ირაკლი ზარქუამ.
