საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

პლენარული სხდომები 28 ივნისი 2024
პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოხსენება მოისმინა.


პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო პროგრამაზე საუბრის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე ისაუბრა.


„შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით. დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება.
მინდა, მივულოცო ყველას, სრულიად საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისთვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს უდიდესი სიამაყის გრძნობა. მადლობა ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ, ჩვენი გუნდის წევრია, თუმცა, მგონი, ამ შემთხვევაში, ეს მილოცვა და მადლობა სუბიექტურობას მოკლებულია. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა წლების წინ, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად, ფედერაციას ხელმძღვანელობას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მან მადლობა გადაუხდა, ასევე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საფეხბურთო ნაკრების მიმართ მხარდაჭერისთვის.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა საფეხბურთო ნაკრების მიმართ და, რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა პარლამენტის სხდომაზე დასწრება.


„პირადად, ჩემთან მათ უკვე ოთხჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში და გაემართათ ჩემთან დებატები, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა. ახლა უკვე, როდესაც სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა. აქედან ჩანს ორი რამ, პირველი - ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე – რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რომ რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“, მმართველ გუნდთან დებატებში შემოსვლას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, ქვეყნის ორ უმთავრეს ამოცანად მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა რჩება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.


„მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2% ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას წლევანდელი ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობა მისცა და შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგენილი იქნება.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება.

„ბოლო 4,5 თვის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები. რიკოთზე უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი; აპრილში გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი; დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი. ასევე, გაიჭრა კობი-ქვეშეთის უნიკალური გვირაბი, რომელიც აპრილში გაიხსნა. ეს არის 9-კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.


ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა დასაქმების საკითხზე და სიღარიბის მაჩვენებელზე.


„რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ. რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად, 1,1 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა „საქსტატმა“ და სიღარიბე არის შემცირებული 11,8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებსა და ტურიზმის სფეროზე.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.


განათლების სფეროზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და უნივერსალური ღირებულებები.


მისი თქმით, ივლისიდან, საშუალოდ, 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები და, საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანას სპორტში უპრეცედენტო წარმატებები აქვს, არა მხოლოდ გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც. მისი თქმით, საქართველომ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და ამ მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.


ჯანდაცვის სფეროზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, რაც მიუთითებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამომავლოდაც დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.


პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობაზე.


„გარკვეული მცდელობა იყო, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ არსებითად, თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნება. მადლობა ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.


ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება.


„პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და ცხრა პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატო-ს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.


„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით.


პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები, თბილისის მერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R