საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტის არცერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე, არცერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება.
მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არცერთ თანამდებობის პირს მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.
„პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხს.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ზაალ სარაჯიშვილისთვის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ საკითხი. კომიტეტმა მიიჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით რეგისტრირებულ ლობისტ ზაალ სარაჯიშვილს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა უნდა შეუწყდეს.
