საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 12 Dec 2025
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მოსამსახურეებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას ითვალისწინებს.

პროექტში ასევე გაწერილია სააგენტოს მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სააგენტოში სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.

წარდგენილი ცვლილებით, დაბალი რისკის შეფასების პირობით მსჯავრდებულს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს შესაძლებლობა ექნება, აღრიცხვაზე საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ პრობაციის ბიუროში გამოცხადდეს.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.