
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
პროექტით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველია, სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, სუმბატ კიურეღიანი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ჭეიშვილი, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა და ზურაბ ქადაგიძე.