
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2026 წლის 1 მარტიდან გაუქმება, თუმცა, როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, ვინაიდან პირველი მარტი კვირა დღეა, მიღებულია გადაწყვეტილება ცვლილებები ძალაში 2 მარტიდან შევიდეს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით, განხილული კანონპროექტები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.