
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას.
კანონპროექტით, სრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა ან სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა იქნება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
დგინდება, რომ აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
კანონპროექტით, სასჯელის სხვა დამამძიმებელი გარემოებების მსგავსად, ახლად დამატებულ დამამძიმებელ გარემოებებზეც განისაზღვრება, რომ სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, სუმბატ კიურეღიანი, დავით მათიკაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ჭეიშვილი, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა და ზურაბ ქადაგიძე.