
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.
აღნიშნული სამართალდარღვევები ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, იურიდიული პირის კი - 10 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 30 000 ლარით. წარდგენილი ცვლილებებით, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის კი - 2 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით.
რაც შეეხება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტი ითვალისწინებს ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული სანქციების გაზრდასაც.
კერძოდ: ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 2 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარით. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარით.
სანქციები იზრდება ასევე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
როგორც მომხსნებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი თბილისის მერიასთან ერთად შემუშავდა და მისი მიზანი იმ ხუთი მიმართულების კუთხით ადმინისტრაციული სანქციების ოდენობის გაზრდაა, რომელზეც საკანონმდებლო რეგულირება 2019 წელს შემოიღეს.