საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

მედია და საზოგადოება 29 May 2025
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე გასვლითი სხდომა გამართა.


სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის მიერ 2024 წელს გაწეულ საქმიანობაზე და 2025 წლის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე ცენტრის სტრუქტურასა და მიზნებზე გაამახვილა.


მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განთავსებულია ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები.


„უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც გასულ წელს განხორციელდა, შეეხებოდა მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიებასა და დაცვას, ასევე გენეტიკური ბანკების განმტკიცებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ფერმერულ მეურნეობებში“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და „ფონდი ქართუს“ ინიციატივით შეიქმნა.


„აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრძელებს ტრადიციას, ჩვენ გავდივართ რეგიონებში და ვხვდებით მოსახლეობას. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2007 წლიდან ფუნქციონირებს, ცენტრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობას ეთმობა. დღეს 400-ზე მეტი ქართული და დაახლოებით 350-მდე უცხოური ვაზის ჯიში არის გაშენებული და დაცული ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.


კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.


კომიტეტის სხდომას საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერეს.