საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 Jun 2025
ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს ვეისალ თიფიოღლუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ჩემს კოლეგასთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება მიმოვიხილეთ, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, არსებულ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენ, სხვადასხვა სფეროში, მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. შეხვედრაზე, ჩემს კოლეგას, საქართველოსა და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა კიდევ ერთხელ დავუდასტურე“,- აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.


ვეისალ თიფიოღლუმ ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები საპასუხო ვიზიტით ანკარაში მიიწვია.