
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და კომიტეტების მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდა და პარლამენტი, სხვადასხვა ფორმატით, მის მიერ მიღებული კანონების აღსრულების პროცესის მონიტორინგს ინტენსიურად ახორციელებს.
ალუდა ღუდუშაურმა სტუდენტებთან თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და ღონისძიებებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისივე შეფასებით, იმისთვის რომ დემოკრატიული პროცესები მნიშვნელოვნად განვითარდეს, აუცილებელია ქვეყანას განათლებული და ერუდირებული სტუდენტ-ახალგაზრდობა ჰყავდეს.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრმა სტუდენტებს მეტი ჩართულობისკენ და ახალი ინიციატივების მომზადებისკენ მოუწოდა და მათი მხრიდან შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები მნიშვნელოვნად შეაფასა.
შეხვედრის დასასრულს ალუდა ღუდუშაური და სტუდენტური პარლამენტის წევრები აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.