საუკეთესო დიასპორული ინიციატივების გამოსავლენი საგრანტო პროგრამის მიმდინარეობა, ახალგაზრდა ელჩების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი და სამინისტროს მიერ დაგეგმილი სხვა ინიციატივები განიხილეს დღეს შეხვედრაზე, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვლადიმერ კონსტანტინიდთან და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მუხრან გულაღაშვილთან გამართეს.
„განვიხილეთ სამინისტროში ყოველწლიური საგრანტო პროგრამის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც მოიცავს უცხოეთში მცხოვრები ასეულობით ჩვენი თანამემამულის დიასპორულ ინიციატივას. ვისაუბრეთ ახალგაზრდა ელჩების კანდიდატებთან გასაუბრების მიმდინარეობაზე და ვიმსჯელეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ფოლკლორულ და შემოქმედებით ანსამბლებს უცხოეთში.“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.