საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 24 აპრილი 2022
დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებს - საბათლოს, ფიროსმანსა და სამთაწყაროს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


საბათლოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე  პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ სოფელს მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა ექნება.

|
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში საბათლოში, ფიროსმანსა და სამთაწყაროში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.


„საინტერესო შეხვედრები გვაქვს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან. ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უწყვეტი ინფორმირებულობა გვქონდეს სოფლებთან და მუდმივად ვიყოთ მათი პრობლემებისა თუ გამოწვევების საქმის კურსში. ამასთან, აღვნიშნავ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 14 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ საბათლოს, ფიროსმანსა და სამთაწყაროს  24 საათიანი წყალმომარაგება ექნება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრაზე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ სოფლებში წარმატებით ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამაც. ასევე დასკვნით ეტაპზეა სამთაწყაროს საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია.


შეხვედრებში მონაწილეობდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერი  ნიკოლზ ჯანიაშვილი  და  საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, რომლებმაც დეპუტატთან ერთად დაათვალიერეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აღნიშნულ სოფლებში  სარწყავი სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და მოინახულეს სათნოების სახლის 200 ბენეფიციარი, რომელთაც სააღდგომო ნობათები გადასცეს.