
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
საკითხი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, საერთაშორისო მიგრანტების უდიდესი ნაწილი დასაქმების, განათლებისა და ოჯახის გაერთიანების მიზნით მიგრირებს. აღსანიშნავია, რომ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა, არც საქართველო დარჩენილა და საქართველოს შემთხვევაშიც ლეგალურ მიგრაციას, დასახელებული სამი ძირითადი მიზეზი აქვს.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, შრომითი მიგრაციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„დღეის მდგომარეობით, მთავრობამ უკვე მიაღწია გარკვეულ პროგრესს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის გაფართოების კუთხით. კერძოდ, დროებითი შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები გაფორმებულია საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბულგარეთთან, ისრაელთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. მომხსენებელმა ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
სხდომაზე თანამომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა სახელმწიფოს მხრიდან შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2013 წლამდე საქართველოში შრომითი მიგრაციის მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობდა.
2013 წელს, სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა, 2015 წელს კი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი შევიდა ძალაში, რითაც გარკვეული საკითხები დარეგულირდა. თუმცა, იმ პერიოდისთვის ეს კანონი საკმაოდ მშრალი იყო და მხოლოდ ემიგრაციის ნაწილს, ანუ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების საკითხს მოიცავდა.
„2023 წლის პირველი სექტემბრიდან როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის კუთხით შესაბამისი მექანიზმები შეიქმნა. კერძოდ, ეს შეეხება შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემას, რომელიც უნიკალური მექანიზმია და ხელს უწყობს ქვეყანაში აღნიშნული პროცესების დიგიტალიზაციას. აღნიშნული სისტემა აერთიანებს როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის კუთხით მარეგულირებელ მექანიზმებს“, - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი სხვადასხვა საკითხებზე წლებია აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, განსაკუთრებით შრომითი მიგრაციის სამმართველოსთან. 2023 წელს სწორედ კომიტეტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.