საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 Nov 2021
დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში ლუკა ვონჩინას შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი იყო.

 

„დღეს პირველი რიგის პრობლემას, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მედიკამენტების მაღალი ფასი წარმოადგენს. ქართული ბაზრის ანომალიაა, როდესაც ქვეყანაში ფასები ნახტომისებურად იზრდება და ხშირად საერთო ევროპულ მაჩვენებელს, ანუ ევროპულ ფასებს ასწრებს. არის შემთხვევები, როდესაც ჯენერიკული მედიკამენტების ღირებულება ბრენდულს აჭარბებს და მოსახლეობის დანახარჯები არაადეკვატურად იზრდება. ხშირია შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა. მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზარდი საბიუჯეტო დაფინანსებისა, ეს საკითხი მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის პრობლემად რჩება. კომიტეტი ამ საკითხებზე უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ვფიქრობ, რეალური შედეგის დადგომის დრო მოვიდა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები იყოს ეფექტური, ხარისხიანი და ფინანსურად მისი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.