
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, ფარმაცევტული სფეროს საქმიანობის მარეგულირებელი უფლებამოსილი ორგანოებისა და ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებულმა კანონმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველო დაუახლოვა ევროკავშირის ძირითად ნორმატიულ აქტებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში, რითაც გაუმჯობესდა მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობა და განისაზღვრა ახალი სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურა. თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ სფეროში გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.
„სამომხმარებლო ურთიერთობების მოწესრიგება დამატებითი სტიმული იქნება მსოფლიო დონეზე თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. ამასთანავე, მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკების დაცვის უზრუნველყოფა ფუნდამენტური ღირებულებაა და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფარმაცევტული სფეროს ბაზარზე არსებული ვითარება შესაბამისობაში იყოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ფარმაცევტული სფეროს საქმიანობის მარეგულირებელი უფლებამოსილ ორგანოსთან და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და არსებული გამოწვევები. ვიმსჯელეთ გამოწვევების დაძლევის გზებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility) უწევს.