
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის როლს მომხმარებელთა უფლებების დაცვაში, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლა, როდესაც 1 ნოემბრიდან სრულად უნდა ამოქმედდეს პარლამენტის მიერ მარტში მიღებული კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
ისაუბრეს ასევე იმ ცვლილებებზე, რომელთა შეტანის საჭიროება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებში მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღებამ წარმოშვა და კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე,
„ეროვნული ბანკს, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს, მნიშვნელოვანი როლი აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსურ სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ, თუ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებში რა ცვლილებების შეტანის საჭიროებები წარმოიშვება მას შემდეგ, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყება. ეროვნულ ბანკთან ასევე განვიხილეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ კანონის აღსრულების შემდეგ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა სეფაშვილმა.
თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility) უწევს.