
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
ეკა სეფაშვილი დღეს საქართველოს ეროვნული მარეგულირებლების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედების საკითხს, რომელიც 1 ნოემბრიდან დაიწყება და კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება - კონკურენციის ეროვნული სააგენტოც სწორედ ამ დროიდან განახორციელებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების აღსრულებას.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ სექტორი რამდენად მზად არის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად იმ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის მარტში მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, რაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს.
„კანონის პრაქტიკაში განხორციელება იქნება კიდევ ერთი რეალურად გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის სივრცეში ეკონომიკურ ინტეგრაციას დაეხმარება. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. აქცენტი გაკეთდა აღნიშნული მარეგულირებელი კომპანიების მოლოდინებზე მას შემდეგ, რაც კანონის აღსრულებითი ნაწილის ამოქმედება დაიწყება. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომისიები საკმაოდ მომზადებული არიან, მთელ რიგ შემთხვევებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მათ გაცილებით მაღალი სტანდარტიც კი აქვთ განსაზღვრული, ვიდრე ეს აღნიშნული კანონით არის დაწესებული. თუმცა იქ, სადაც კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით უფრო მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, რა თქმა უნდა, მოხდება უწყებების რეგულაციების და დადგენილებების ცვლილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით და მომხმარებელთა სასარგებლოდ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა სეფაშვილმა.
მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა სტრუქტურისა და უწყების წარმომადგენლებთან კვლავაც გაგრძელდება. თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility) უწევს.