
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი თურქმენეთის მედიის წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხების, მედიის თავისუფლების და ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის მიმართ.
„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და აღვნიშნეთ ის ძირითადი მიღწევები, რაც ამ მიმართულებით ეკონომიკის სფეროში გვაქვს. ვრცლად ვისაუბრეთ საქართველოში მედია გარემოსა და მედია პლურალიზმის და იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განხორციელდა. საუბარი შეეხო ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და იმ პრობლემას, რაც ამ პროექტს თან ახლდა, სადაც გამოიკვეთა დეზინფორმაციისა და ფეიკ ნიუსების გავრცელების პრობლემა. სტუმრები დაინტერესდნენ დეტალებით იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კანონპროეტის ირგვლივ განვითარდა. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.