
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება.
ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სხვა პირთა სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პასუხობს იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს. მისივე შეფასებით, უმაღლესი განათლების რეფორმა ფუნდამენტურად შეცვლის საგანმანათლებლო გარემოს უკეთესობისკენ.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.