
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (REU) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მოსამზადებელი შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა და 2025 წლის რომის სამიტს მიეძღვნა.
გელა სამხარაულმა ონლაინ შეხვედრაზე რეგიონული აგროსასურსათო სისტემების განვითარების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარლამენტარების მნიშვნელოვან როლზე ეროვნული პოლიტიკის, ბიუჯეტისა და კანონმდებლობის ფორმირებაში, რაც ხელს უწყობს მდგრადი და ინკლუზიური აგროსასურსათო სისტემების განვითარებას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs).
კომიტეტის თავმჯდომარემ აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, კერძოდ: მცირემიწიანობა და მცირე მეურნეობების დომინირება; ნათესი ფართობების დაბალი მოსავლიანობა; ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონე; კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი; ახალგაზრდების ინტერესის ნაკლებობა აგრარული სფეროს მიმართ.
მისი თქმით, ეს გამოწვევები აფერხებს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი წარმოების დანერგვას, ზღუდავს ბაზრებზე წვდომას და ართულებს მდგრადი განვითარების პროცესს.
როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, სირთულეების მიუხედავად, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულობა იზრდება და 2026 წლის ბიუჯეტში დარგისთვის 855.8 მილიონი ლარია განსაზღვრული. ინვესტიციები მიმართულია სწორედ აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციისკენ.
ონლაინ შეხვედრაზე გელა სამხარაულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს FAO-ს ფასილიტაციით ევროპისა და ცენტრალური აზიის პარლამენტებს შორის საპარლამენტო კოორდინაციის გაძლიერებას, გამოცდილების, ინიციატივებისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით.
მოსამზადებელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიება წინ უძღვის შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ მიმართულ მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტს, რომელიც 2026 წელს გაიმართება.