
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარე ჯუ-ჰო იონგი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-კორეას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეას შორის როგორც ტურისტული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწლიურად მზარდია, რასაც ორივე მხარე მიესალმა.
„კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრებთან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ ახლო მომავალში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა და სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყება იგეგმება, რაც ჩვენ შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო გადაადგილებაზე, რაც ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო თანამშრომლობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის გიორგი კახიანმა კორეის მხარეს მადლობა გადაუხადა.