საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 14 Apr 2025
გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.

 

პარლამენტის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე სიტყვით მიმართეს.

 

გივი მიქანაძემ ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა.

 

„ბოლო წლების განმავლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების დონეზე, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ქართული ენის სწავლება უფრო ინტენსიურად და ფართო მასშტაბებით განხორციელებულიყო. თუმცა, რომ არა ის თვითშეგნება და პატრიოტიზმი, რაც ჩვენს თანამემამულეებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში არის, ამ პროცესების რეალიზება გაჭირდებოდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ქართული ენის დღის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის დაცვაში დიდი წვლილი მიუძღვნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.

 

„ჩვენ არა მხოლოდ ქართული ენა გვაერთიანებს, არამედ ქართული ენის დაცვისთვის მოგებული ბრძოლა. ქართული ენა საქართველოს თითოეული მოქალაქის სულიერების, იდენტობის ნაწილია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კვლევის შედეგების შესახებ ანგარიში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარადგინა.

 

კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.

 

როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან-წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ასევე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.