საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გურამ მაჭარაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს

მედია და საზოგადოება 08 ივლისი 2021
გურამ მაჭარაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს
„კომიტეტზე ვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. პროცესი არის საკმაოდ გამჭვირვალე. კანდიდატების მოსმენას ესწრება არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი. ჩვენ უკვე გარკვეული მოსაზრებები ჩამოყალიბებული გვაქვს ამა თუ იმ კანდიდატზე და ეს პროცესი კომიტეტში შაბათს დასრულდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.
 

დღეს, კომიტეტის წევრებმა ორ კანდიდატს - ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას მოუსმინეს.

 

ქეთევან მესხიშვილს მოსამართლედ მუშაობის 10 წლიანი, ხოლო რევაზ ნადარაიას - 11 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“, პარლამენტის უფრაქციო წევრების, ასევე, არასაპარლამენტო სუბიექტების - ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „დემოკრატიის ინდექსის“ წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში კომიტეტი 6 კანდიდატს გაესაუბრა.

 

ხვალ, 9 ივლისს, კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 2 კანდიდატს - ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენს.

 

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.