საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 01 აპრილი 2024
ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა.


როგორც ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, პარლამენტის შენობაში მოსწავლეებთან შეხვედრები ტრადიციული გახდა, მათთვის იმართება იმიტირებული კომიტეტის სხდომები, სადაც ახალგაზრდები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ.


„ტრადიციულად ვხვდებით რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. დღესაც ჩავატარეთ იმიტირებული კომიტეტის სხდომა და მათთვის საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ახალგაზრდების კითხვები პარლამენტარიზმის ისტორიას, ევროკავშირთან დაახლოების სტრატეგიას და ქვეყანაში მიმდინარე სხვა დემოკრატიულ პროცესებს ეხებოდა. ასეთი შეხვედრები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი შეხვედრები ყველასთვის თუ არა, სკოლის მოსწავლეების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო და მომავალში თვითონაც მიიღონ ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად შეცვლის უკეთესობისკენ“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა შეხვედრის შემდეგ.


​მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში ასევე ჩაუტარდა ექსკურსია, დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის ისტორიას და საქმიანობას.