საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.


საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით.


ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტო-ვიდეოგადაღების წესები.


არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები.


იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები და საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის მარეგულირებელი ნორმები.


კანონპროექტით: კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება შესაბამის თავებში; ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა; განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ან რეგისტრირებულია საზღვარგარეთ.


აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.


როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია „რეფერენდუმის შესახებ“ ორგანულ კანონში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანა.