საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 08 დეკემბერი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, მისი თქმით, დაგეგმილი იყო კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგი რედაქციით - „აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მისი თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილება შესაძლებელია ასევე განახორციელოს იმავე სასამართლოს სხვა პალატაშიც/საგამოძიებო კოლეგიაშიც ან ერთი პალატის შემადგენლობაში შექმნილი სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვითაც“.

როგორც არჩილ გორდულაძემ განმარტა, ვინაიდან ამ ცვლილებას ბევრი დეზინფორმაციის გავრცელება მოჰყვა, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვა იყო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად - „აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ასევე უცვლელი დარჩება კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი: „აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში) განხილვა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვა“.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებული იყო შემდეგ ცვლილება: „აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ, მისი თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილება შესაძლებელია ასევე განახორციელოს იმავე სასამართლოს სხვა კოლეგიაშიც ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვითაც, აგრეთვე - განახორციელოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებაც, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვაც“.

ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს კანონში სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის: იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურა; კანდიდატის შეფასება, ასევე - მათთან დაკავშირებული კენჭისყრა ჩატარდება ფარულად, საბჭოს დახურულ სხდომაზე; ასევე, იცვლება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კონკურსის პროცედურები და მოსამართლეთა მივლინებისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესი.