
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ასოციაციის წარმომადგენლებმა ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ამ ტიპის სპეციფიკური ნარჩენების მართვის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე, რისთვისაც ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ორგანიზებაა აუცილებელი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობით ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების სეპარირებული შეგროვება იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამგვარად მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების აღსრულებასა და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ნარჩენების არა ნაგავსაყრელზე განთავსებას, არამედ მის გადამუშავებასა და ცირკულარული ეკონომიკის ფარგლებში, კვლავწარმოებაში ჩაბრუნებას გულისხმობს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აღნიშნულ პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.