
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„როდესაც სკოლამდელ განათლებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალზე, იმ ფუნდამენტზე, საიდანაც ბავშვები პიროვნულ განვითარებას იწყებენ. პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს, სკოლამდელი აღზრდის გარემო - სრულყოფილი, ინკლუზიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის წევრებმა: რიმა ბერაძემ, ირმა ზავრადაშვილმა და ეკა სეფაშვილმა.
მათ თავიანთ გამოსვლებში ყურადღება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ბავშვების განვითარების პროცესში და ბაგა-ბაღების პერსონალს პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ოქროპირიძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ინსტიტუციური განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე, ბაღების ავტორიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე ისაუბრა.
ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.