
გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი UNESCO-UNEVOC-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
UNESCO-UNEVOC არის გაეროს პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული ორგანიზაცია, რომელიც წევრი სახელმწიფოების პროფილების შექმნას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
UNESCO-UNEVOC-ის მიზანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ფარგლებში, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა.
შეხვედრაზე საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.
განიხილეს საქართველოსა და UNESCO-UNEVOC-ს შორის თანამშრომლობა და საქართველოში UNESCO-UNEVOC-ის ექსპერტთა ჯგუფისა და წარმომადგენლობის შექმნის საკითხი.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული შეხვედრით, საქართველოს პარლამენტის წევრების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დასრულდა.
ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა.