
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, საქართველო-იტალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ვახტანგ თურნავასთან ერთად, იტალიის პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ფედერიკო მოლიჩონეს შეხვდა.
შეხვედრაზე, ფედერიკო მოლიჩონემ დააფიქსირა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და ახლო მომავალში ქვეყანაში ვიზიტის სურვილი გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას და ქართული კულტურის უნიკალურობას.
განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული მდგომარეობა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, იტალიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონმდებლობის, ისევე როგორც საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კულტურული და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების საკითხს. აღინიშნა ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდში გამართული საქართველოს კულტურული დღეების დიდი წარმატება. ასევე შეთანხმდნენ კულტურული გაცვლითი პროგრამების დაწყებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიური მიმართულებით გაცვლით პროგრამას, მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებსა და იტალიური ექსპერტიზის გამოყენებას ქართული უძველესი ხელნაწერების დიგიტალიზაციისთვის.
საუბარი შეეხო კულტურული იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობას თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში. ფედერიკო მოლიჩონემ ქართულ მხარეს გაუზიარა გამოცდილება ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ: კანონმდებლობის გაცვლაზე ოჯახის, განათლებისა და კულტურის დაცვის სფეროში, ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული ღირებულებების ბალანსის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებაზე, ქრისტიანული ღირებულებებისა და ოჯახის ინსტიტუტის დაცვის მექანიზმებზე.
განხილვის საგანი იყო თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეები. ფედერიკო მოლიჩონემ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, „ფეიკ“-ნიუსებისა და „დიპფეიკის“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ საკანონმდებლო ინიციატივების გაცვლაზე ამ მიმართულებებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აქტიურად აწყდება დეზინფორმაციის კამპანიას რეგიონში.
შეხვედრაზე აღინიშნა იტალია-საქართველოს საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით, მეგობრობის ჯგუფის ფორმირების აუცილებლობა.