პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო.
ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა შრომის ბაზრის ანალიზი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს, ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეფიციტურ პროფესიებზე.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის თქმით, ადამიანური კაპიტალი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და განათლების სისტემამ რეალურ საჭიროებებს უნდა უპასუხოს.
„როდესაც დეფიციტურ პროფესიებზე და უნარებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბიზნეს სექტორის საჭიროებები და გამოწვევები. უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ დიპლომების მინიჭებაზე, არამედ რეალური კარიერული შესაძლებლობების შექმნაზე, ეკონომიკის ზრდასა და ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე. სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა არ წარმოადგენს დამატებით კომპონენტს, ეს არის რეფორმის წარმატების აუცილებელი პირობა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.