
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„ახალგაზრდები ჩვენი მომავლის გარანტი არიან. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მომავალი სანდო ხელშია. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ინტელექტუალური რესურსია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს კრეატიულ იდეებს ჰქონდეთ განვითარების გზა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა.
პროექტის მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ჩატარდა. მასში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლების VII–XII კლასების მოსწავლეები.
კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში მეცნიერებისა და ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვივება სამეცნიერო და საინჟინრო მიმართულებით.