
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობს.
ვიცე-სპიკერმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიღების 30 წლისთავის ცერემონიაზე მილი მეჯლისის ისტორიულ შენობაში. ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ერთდროულად მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნების კონსტიტუციებიც ერთი და იმავე - 1995 წელს, ზუსტად 30 წლის წინ იქნა მიღებული. კონსტიტუციების მიღება არ წარმოადგენდა მხოლოდ ისტორიულ ან საკანონმდებლო აქტს, არამედ, ამას გაცილებით დიდი დატვირთვა ჰქონდა რამეთუ, ამით, კონსტიტუციურად გამყარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ახალი ეპოქა, ახალი ერა დაიწყო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კონსტიტუციის მიღება საქართველოსა და აზერბაიჯანში მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ჩვენი ქვეყნები აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ იმ მდგომარეობაში, სადაც მათზე ვრცელდებოდა უცხო ძალის გავლენა. მისივე თქმით, აღნიშნული აქტით ჩვენმა ერებმა პასუხისმგებლობა იკისრეს ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე, წინაპრებისა და შთამომავლების წინაშე და იმაზე, რომ გვაქვს ამბიცია - ავაშენოთ დამოუკიდებელი, სუვერენული და წარმატებული თანამედროვე სახელმწიფოები.
„1995 წლიდან, სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყნებმა გაამყარეს საკუთარი დამოუკიდებლობა, განავითარეს ეკონომიკები, გააძლიერეს საერთაშორისო კავშირები და მტკიცედ მოითხოვეს ღირსეული ადგილი დამოუკიდებელი და სუვერენული ერების პოლიტიკურ რუკაზე. ჩვენი კონსტიტუციების მიღებიდან 30 წლის და ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის აღიარებიდან 34 წლის შემდეგ, კვლავ გვიწევს იმ საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც ჩვენი ერების ჭეშმარიტ სუვერენიტეტს ემუქრება. სამწუხაროდ, არსებობს ის საერთაშორისო ტენდენცია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები, საკუთარი ქვეყნების სახელით, საუბრობენ იმას, რაც ეწინააღმდეგება თავად დემოკრატიის არსს. უცხოური ჩარევა და ეროვნული სუვერენიტეტი შეუთავსებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. ასეთი შეტევა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიუთითებს იმაზე, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა ყოველდღიურ ბრძოლას მოითხოვს და წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის უმთავრეს მიზანს. ჩვენს მიერ ჩვენი ხალხის მომავლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს მტკიცე საფუძველი აქვს ჩადებული ჩვენს ეროვნულ კონსტიტუციებში. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი ხალხის სურვილს, რომელიც მყარად არის ჩაწერილი ამ ისტორიულ დოკუმენტებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, მის საფლავთან, პატივი მიაგო.
კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, ვიცე-სპიკერი ასევე იმყოფებოდა შეჰიდების ხეივანში, სადაც გვირგვინით შეამკეს „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი.