საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

აპარატი 24 Oct 2025
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.

„პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები და ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შემდგომში აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე ქვეყნის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში მიღებული გამოცდილებას თქვენ კარიერულ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს“, - მიმართა საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს.

ანდრია გვიდიანმა შეხვედრაზე ისაუბრა, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე - ბიუჯეტზე და განმარტა, თუ რა ეტაპებს გადის ბიუჯეტი, ვიდრე კანონად დამტკიცდება.

„ზოგადად, ბიუჯეტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთგვარი ხელშეკრულება მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის. ბიუჯეტის შედგენისას სახელმწიფო ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას და პრიორიტეტს, რომელიც მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა და ასე შემდეგ. სწორედ ეს პრიორიტეტები ედება საფუძვლად ბიუჯეტის შემუშავებას და საბოლოოდ პარლამენტთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება, თუ როგორ მოხდება ბიუჯეტში მობილიზებული თანხების დახარჯვა", - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მისი გამჭვირვალობა მიიჩნევა.

"საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ამ კუთხით საქართველოს შეუძლია იამაყოს, ვინაიდან ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს არ არის უბრალოდ რეიტინგი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი სახელმწიფოს მხრიდან, რომ ბიუჯეტის დაგეგმვასა და შემდგომ ხარჯვაში სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი. შესაბამისად, თითოეული ლარი გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ამდენად, ამ კუთხით, მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე წინ ვართ",- განაცხადა შეხვედრაზე საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების უფროსმა გიორგი მესხორაძემ საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. მან ბიუჯეტის მომზადების პროცესზე, დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუტებზე და მათ როლზე ისაუბრა.