
პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება.
ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას/ნებართვას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური მოწყობილობის და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შემოტანა, დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
გარდა ამისა, შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ან/და გაზის აეროზოლური მოწყობილობის შემძენ ფიზიკურ პირს შეძენილი იარაღი გადასცეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე.
ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ერთდროულად შემოსატანი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კანონპროექტით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის და გაზის აეროზოლური მოწყობილობის რეგულირების დროებითი წესი.
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 თებერვლიდან შევა.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი 74 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 იყო.