საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პოლიციელებისა და მეხანძრე - მაშველების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ეხება

პლენარული სხდომები 17 Dec 2025
პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პოლიციელებისა და მეხანძრე - მაშველების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ეხება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტთან ერთად. ცვლილებები პოლიციელებისა და მეხანძრე - მაშველების სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ეხება.

ცვლილების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით განისაზღვრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მისთვის მისაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა. კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას, აღნიშნული ფულადი დახმარება იქნება 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას–15 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას–10 000 ლარი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. აღნიშნული ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ვადით. ამასთან, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის ვადით.


ცვლილება შევიდა ასევე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომლითაც სოციალური დაცვის გარანტიები ვრცელდება მეხანძრე-მაშველებზე.


როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 თებერვლიდან შევა.