
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ინიციატივით, პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე - „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“.
შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ.
პარლამენტის წევრებმა სტაჟიორებთან ერთად დემოგრაფიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის, დაბალი შობადობის გავლენაზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ემიგრაციის მაღალ დონესა და მოსახლეობის დაბერების პროცესზე.
ყურადღება გამახვილდა, თუ რამდენად განსაზღვრავს დემოგრაფიული საკითხების მიმართ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების კონტურებს და რა გავლენას ახდენს საზოგადოების ღირებულებები და კულტურული ცვლილებები დემოგრაფიული რისკების შემცირებაზე.
აღინიშნა, რომ ახალგაზრდების როლი და ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრისას დეპუტატებმა საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უკვე განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
ახალგაზრდებმა პარლამენტის წევრებს თავისი მოსაზრებები გაუზიარეს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.