
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების გაძლიერება“ გახსნის კონფერენციაში.
ღონისძიება, სახელწოდებით „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში“ თბილისში გაიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობის გამოცდილებასა და იმ პერსპექტივებზე, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების ზედამხედველობას განამტკიცებს.
რატი იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის რეგლამენტირებული ინსტრუმენტების და დამკვიდრებული პრაქტიკის, ისევე როგორც აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს და პროცესის მონაწილე მხარეებს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ევროპის საბჭოს სტრასბურგის და საქართველოს ოფისების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, ეროვნულ დონეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი და მონაწილე სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ახალი პროექტი წარმოადგენს პროექტის “ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში” მომდევნო ფაზას, რომელსაც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი 2022 წლიდან ახორციელებს.