საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა

მედია და საზოგადოება 05 დეკემბერი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე ისაუბრა.


მისი თქმით, ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა დაგეგმილთან შედარებით გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ და მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა განაპირობა.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით დამატებითი საჭიროებებისა და პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება იგეგმება, რის გამოც სამინისტროებს შორის ასიგნებები ახლებურად გადანაწილდება.


კერძოდ, 133 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება.


წლის ბოლომდე ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვისაც, რომლის ასიგნებები 248 მილიონი ლარით გაიზრდება.


საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდაა ასევე დაგეგმილი თავდაცვისა და სპორტის სამინისტროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.


გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია იმ სახელმწიფო უწყებებზეც მიაწოდა, რომელთა დაფინანსების შემცირება იგეგმება.


„2025 წლის ბიუჯეტის შედგენისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ უწყებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის საბიუჯეტო კანონპროექტში ცვლილებების მომზადებისას, მათი ასიგნებების ნაწილი ერთ პუნქტში გაერთიანდა. შედეგად, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 201,7 მილიონი ლარით მცირდება და 2 923,3 მილიონი ლარით განისაზღვრება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


მისი თქმით, დაფინანსების შემცირება საგზაო ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ნაწილს შეეხება.


გიორგი კაკაურიძის განმარტებით, თანხების კორექტირება სატენდერო პროცედურების გახანგრძლივებასა და უწყებას შორის თანხების შიდა გადაადგილებებს უკავშირდება.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.


კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება წარმოადგინა.


მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება ქვეშეთი-კობის გზის პროექტის დაფინანსების წილების გადანაწილებას შეეხება.


კერძოდ, აღნიშნულ პროექტში აზიის განვითარების ბანკის წილი 65,6%-დან 82%-მდე იზრდება.


„ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნა იყო, აზიის განვითარების ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსებული ნაწილის რეტროაქტიული დაფინანსების შესაძლებლობა განეხილა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ამოწურულ წილს ჩაანაცვლებდა. აზიის განვითარების ბანკმა დააკმაყოფილა მოთხოვნა, რის საფუძველზეც N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება მომზადდა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი 2025 წლის 10 ნოემბერს მოეწერა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, წერილ-შეთანხმების თანახმად, ბანკთან გაფორმებული სესხის ფინანსური პირობები უცვლელი დარჩება. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.