საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა

მედია და საზოგადოება 25 ნოემბერი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.


დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სამართლებრივი საფუძველი გაჩნდება, რომლის მიხედვით სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენლად შესაძლოა საჯარო მოსამსახურე იყოს. საჯარო მოსამსახურე დაკისრებულ მოვალეობას სათანადო ანაზღაურების გარეშე შეასრულებს. ამასთან, მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა ჰქონდეს. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მომზადების აუცილებლობა საქართველოსა და „EAGLE HILLS“-ს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ განაპირობა.

 

საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილისა და ლევან მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.


კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი მუნიციპალური წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ვადებს უკავშირდება.


კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების ვადა, ნაცვლად არაუგვიანეს 2 დღისა, იცვლება - არაუგვიანეს 5 დღით. კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით მიიღებს.

 

ასევე გამარტივებული წესით არის განხილვისთვის წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. ეს კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, ხე-ტყის სოციალური ჭრების ვადის 1 წლით გადავადება იგეგმება. კერძოდ, ტყის მართვის ორგანოებს უფლება მიეცემათ ადგილობრივი მოსახლეობა და სასაზღვრო სექტორი ხეტყით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ.


სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.