საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

თავმჯდომარე 02 დეკემბერი 2025
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის პარლამენტს ეწვია.


საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომებზე მიესალმნენ.


​შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის პარლამენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში" ჩანაწერი გააკეთა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარეს, ომ ბირლას შეხვდა.


​მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება.


ამ კუთხით, აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.


​შალვა პაპუაშვილმა ინდურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას ელოდება.


​მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხზე ისაუბრეს და წელს, უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში გამართული შეხვედრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

​მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.

​შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.