საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ

თავმჯდომარე 22 მაისი 2026
შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ასრულებენ.

 

,,სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ეს არის მზადყოფნის გამოხატულება, რომ ნებისმიერ დროს დაიცვა სამშობლო, მისი თავისუფლება და ღირსება.

საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში.


დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენს სახელმწიფოს.


მადლობა თქვენი სამსახურისთვის, თქვენი ღირსებისთვის და თქვენი თავდადებისთვის.
გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და გამძლეობას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

 

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.