
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თენგიზ შარმანაშვილის არჩევას, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
მანამდე თენგიზ შარმანაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააცნო.
მომხსენებლის განმარტებით, 2008 წლიდან ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობდა შეთანხმება არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ, წარმოდგენილი ხელშეკრულებით კი უკვე შესაძლებელი ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა.
მისივე თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთთავსებადობის ამაღლების პროცესს.
სარატიფიკაციო დოკუმენტის თანახმად, თურქეთი ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გამტარი სახელმწიფო გახდება.
კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისთვის მემორანდუმის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.