
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
ვლადიმერ კახაძე ახალგაზრდებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში უკვე განხორციელებულ და სამომავლო რეფორმებთან დაკავშირებით ესაუბრა.
სტუდენტური პარლამენტის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ახალგაზრდების მოთხოვნით, ვაგრძელებ მათთან ტრადიციულ შეხვედრებს. დღეს უკვე მესამე შეხვედრა მქონდა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ინტერესდებიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით, ინიციატივებით. შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც ვისაუბრეთ და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგას საქართველომ ევროპასთან დაახლოების გზაზე. საინტერესო იყო ახალგაზრდების მოსაზრებები და ხედვა როგორც განათლებისა და ჯანდაცვის, ასევე სხვა მიმართულებითაც“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.