ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ქმედება. კერძოდ, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში სანებართვო პირობების დარღვევისთვის და უნებართვო საქმიანობისთვის გარკვეული ჯარიმები გამოიწერა.
„გადასახდელი დარჩენილია 8 მილიონი ლარი, რომელზეც მიზანშეწონილად ჩაითვალა ერთჯერადად ამნისტია გამოცხადდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კვლავ გააგრძელონ საქმიანობა. ამასთან, ბევრი საქმეა აღსრულებაში მიმართული. ამავე კანონპროექტით ასევე დადგენილია საფუძველი, რომლითაც შემდგომ მუნიციპალიტეტს შეეძლება საკრებულოს აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით პირები ამ სანებართვო საფასურისგან ერთჯერადად გაათავისუფლოს - საუბარია დაახლოებით 1 800 000 ლარზე. ანუ რეალურად ეს არის ერთჯერადი ქმედება, რომლის ჰუმანური მიზანია ჯარიმებისგან და საურავებისგან გათავისუფლდნენ პირები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ე.წ. ტაქსების რეფორმის და სისტემის შექმნის მთავარი მიზანი არ იყო ბიუჯეტში თანხების შესვლა, არამედ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სისტემის ფორმალიზება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
