ბექა ოდიშარია - ქართული კულტურა არის ჩვენი დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი გასაღები

„ქართული კულტურა არის ჩვენი დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი გასაღები. არის გასაღები საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში, ფიზიკა, ქიმია და გეომეტრია ერთი და იგივეა, მხოლოდ კულტურა არის უნიკალური და ვფიქრობ, დასავლეთს: ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვჭირდებით ჩვენი უნიკალური კულტურით“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კულტურის კომიტეტის წევრმა ბექა ოდიშარიამ. მან სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტში გამართული კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომის მონაწილეებს.
ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიასპორის როლზე. მან ასევე ისაუბრა კულტურის კომიტეტისა და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე, სადაც გაწევრიანებული არიან კულტურის, მეცნიერებისა და სახელოვნებო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები. ამასთან, აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები, მომავალში საჭიროა გაიმართოს უცხოეთში მოღვაწე ქართული კულტურის წარმომადგენლებისა და წარმატებული დიასპორელების მონაწილეობით. ისინი არიან საქართველოს კეთილი ნების ელჩები უცხოეთში და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის მსოფლიოსთვის წარდგენის საქმესა და კულტურული დიპლომატიის წარმოებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ქართული კულტურის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.
