ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საავტომობილო გზების კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონის არეალი 100-დან 200 მეტრამდე იზრდება. ამასთან, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი საქმიანობა მხოლოდ გზის მფლობელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
მომხსენებლის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გზისპირა ზონის არეალში საქმიანობის ტიპებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
კანონპროექტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი მეზურნიშვილისა და მარიამ ლაშხის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადდა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას წარედგინება.
