„ევროპელი სოციალისტების“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი გააცნო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი 222,6 მილიონი ლარით იზრდება და 32 133,5 მილიონი ლარია. შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მილიონი ლარით იზრდება და 27 583,5 მილიონი ლარია. ასევე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები და ის ჯამურად 27 952.9 მილიონი ლარია.
როგორც პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც იგრძნობა.
„წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს ბიუჯეტი იზრდება, მათ შორის, შემოსავლების ნაწილში. შესაბამისად, იზრდება ხარჯების ნაწილიც. ხაზგასასმელია, რომ დამატებით ფინანსდება ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროები. იზრდება სპორტის დაფინანსებაც. რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკური ზრდა გადასახადებიდან შემოსულ თანხებშიც აისახება. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს, გაგრძელდეს განვითარება და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, წელს შეფერხდა და მომავალ წელს უკვე სრული მასშტაბით ამუშავდება. მათ შორის, ვგულისხმობ ბაღების, სკოლების მშენებლობას, წყლით მომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პროექტები რეგიონებში განხორციელდეს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, „ევროპელ სოციალისტებს“ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ექნებათ.
„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ბაღების აღმზრდელ -პედაგოგების ხელფასების მატება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი პირობა მივიღეთ და დარწმუნებული ვართ, ეს პირობა შესრულდება. იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც არ ექნებათ რესურსი, თავად უზრუნველყონ ბაღის პერსონალისთვის ხელფასების მატება, მათ ცენტრალური ხელისუფლება დაეხმარება. სამწუხაროდ, არ იზრდება სკოლების პედაგოგების ხელფასები, თუმცა ეს შარშან მათი ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
