განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება.
ცვლილებები კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება.ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1 იანვრამდე.
კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.
